მზეკო შარაშენიძე: “ქალთა საფეხბურთო მატჩის წარმატებით მსაჯობის შემდეგ განიხილება, რომ საერთაშორისო დონეზე კაცთა ფეხბურთის მსაჯობაც გვანდონ. ჩემი შემდეგი მიზანი და მოტივაციაც სწორედ ეს არის”…
გასულ კვირას ლაციოს რეგიონში იტალიელი მსაჯები გავიფიცეთ. ამ ბოლო დროს მსაჯების მისამართით ხშირი ლანძღვა, ფიზიკური შეურაცხყოფა თუ სამუშაო სივრცის სტრესულ გარემოდ გადაქცევა, იტალიის მსაჯთა ასოციაციის მიერ რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. არავითარი ფეხბურთი, სანამ მინდორზე მსაჯის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! – ეს იყო მთავარი იდეა, რამაც ყველა გაგვაერთიანა.
ფეხბურთი საყოველთაო სპორტის სახეობაა. განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა თუ აღმსარებლობისა, მას ყველა უყურებს. ხშირად არავის აღელვებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთს 17 წესი აქვს. ამავე წესებს აქვს ასევე დამატებითი განმარტებები და თამაშის მსვლელობისას ამ ყველაფრის დაცვა სწორედ მსაჯებს ევალებათ.
კონკრეტული შეხვედრისთვის მომზადება არა მხოლოდ წესების ცოდნას, არამედ ნორმატივების ჩაბარებასაც მოითხოვს. მსაჯიც ისეთივე ათლეტია, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი. იმ განსხვავებით, რომ მას თამაშისას წესების დაცვის კონტროლი ევალება.
მწვრთნელები, კლუბების პრეზიდენტები, ფეხბურთელები და საფეხბურთო აგენეტებიც კი საზოგადოების სიმპათიას ადვილად იღებენ, რასაც ვერ ვიტყვით მსაჯებზე. ერთადერთი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ყველა დიდ პატივს დღემდე სცემს, ეს იტალიელი პიერ ლუიჯი კოლინაა. მის პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტზე ყველას ერთი აზრი აქვს...
“მოგვეცით ქალებს გზა ფართო”…
…ეს იყო იმ ინტერვიუს სათაური, რომელიც 2008 წელს ჯერ კიდევ “სარბიელში” მუშაობისას ქართულ ფეხბურთში მსაჯ ქალთა წახალისებას მივუძღვენი. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს სასტვენს ხელში თავად ავიღებდი და საფეხბურთო შეხვედრას ვიმსაჯებდი. ჩემი, როგორც სპორტული ჟურნალისტის ცხოვრებაში იტალიის მსაჯთა ასოციაციის წევრობა სრულიად შემთხვევით მოხდა.
“რომას” ყოფილი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მუდმივი კამათი და დიალოგი მსაჯებთან გახდა მიზეზი, რომ ამ თემით დავინტერესებულიყავი. თავდაპირველად, სურვილი მქონდა თამაშის წესების განახლებული ვერსია თავად პროფესიონალებისგან გამეგო. ამ მიზნით, სამსაჯო კურსზე ჩავეწერე. კურსის დასრულების შემდეგ, ასევე ინტერესის გამო, გამოცდა ჩავაბარე. შემდეგ იყო სამდღიანი შეკრება აბრუცოს რეგიონში, ნორმატივების ჩაბარება და მალევე 14-წლამდელთა პირველი შეხვედრის მსაჯობაც.
ის, რომ ერთ დღეს მსაჯი გავმხდარიყავი, ნამდვილად არ დამიგეგმია. საკუთარ თავს გამოწვევაში ავყევი, რამაც ფეხბურთი კიდევ უფრო სხვა კუთხით დამანახა. ერთია, როცა თამაშის მსვლელობას ჟურნალისტთა ტრიბუნიდან ადევნებ თვალს, და მეორე – როცა თავად ხარ მსაჯი და თამაშის ბედს თავადვე წყვეტ.
ბედისწერამაც თავისი წვლილი შეიტანა. რომში არსებული სექციებიდან “რომა 2” ისე ავარჩიე, არც კი დავფიქრებულვარ. აღმოჩნდა, რომ ეს სექცია რიკარდო ლატანცის სახელობისაა – იმ ლატანცის, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თბილისის “დინამოსთვის” ისტორიული გამარჯვების მომტანი ფინალი იმსაჯა და საერთაშორისო სამსაჯო კარიერაც სწორედ ამ მატჩით დაასრულა.
ამ პროფესიის ირგვლივ საუბარი და იდეების სხვებთან გაზიარება დიდი ხანია გონებაში მიტრიალებდა. რადგანაც იტალიის მსაჯთა ასოციაციის წევრი ვარ, მსურდა ქართულ რეალობასთან შედარება გამეკეთებინა.
ახალგაზრდა, წარმატებულ და დიდი მომავლის მქონე მსაჯ მზეკო შარაშენიძეს ვთხოვე ამ საპასუხისმგებლო პროფესიის ირგვლივ იდეები გაგვეცვალა და ისიც ჩემს თხოვნას სიამოვნებით დათანხმდა.
არაპოპულარული პროფესია
“2018 წელს უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით მსაჯობა შემომთავაზეს, – ამ სიტყვებით იწყებს თავის ისტორიას მზეკო, – სამეგობრო ხშირად ვიკრიბებოდით და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს ყველანი ერთად, დიდ ეკრანზე ვუყურებდით...
ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე გავიცანი მოქმედი მსაჯი, რომელმაც მითხრა რომ საქართველოში მსაჯთა აკადემია გაიხსნა და კურსის გავლა მირჩია. იმ მომენტში სერიოზულად არ მიმიღია. ყოველთვის მსურდა ფეხბურთის სამყაროში ვყოფილიყავი, თუმცა მსაჯად ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. არადა ყოველთვის მაინტერესებდა მსაჯები გადაწყვეტილებას წამებში როგორ იღებდნენ”.
მალევე შემოთავაზება რეალური გახდა და სამსაჯო კურსის გავლიდან რამდენიმე თვეში მზეკოს პირველი მატჩიც ანდეს.
“მსაჯობის პროცესი იმდენად მომეწონა, ვგრძნობდი, მის გარეშე ვეღარ გავძლებდი, – მზეკო ბედნიერი ემოციით მიზიარებს საქმისადმი უპირობო სიყვარულს, – როცა შესვენება გვაქვს, მინდორზე მალე დაბრუნებასაც კი ვნატრობ ხოლმე”.
იშვიათი მოვლენა
ფეხბურთი კაცების სპორტად მიიჩნევა. არადა სპორტის ამ სახეობას აქვს თავისი წესები, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ფეხბურთი პოპულარული სპორტია. ქომაგებს მიაჩნიათ, რომ მისი წესები კარგად იციან. როდესაც სადავო გადაწყვეტილებაში მსაჯი პოზიციას დააფიქსირებს, მას ამავე წესების არცოდნას ედავებიან. ამ დროს, თუ მსაჯი ქალია, ეს სტერეოტიპი კიდევ უფრო ძლიერდება.
“ჩემს მისვლამდე ქართულ მსაჯთა გუნდს 20-წლიანი გამოცდილებით ორი ქალი ემსახურებოდა, – მზეკო თავის პირველ ნაბიჯებს მიზიარებს, – სანამ პირველ მატჩს მანდობდნენ, გრძელი გზის გავლამ მომიწია. თეორიული მასალები, თამაშის წესების სწავლა, ფიზიკური მომზადების პერიოდი, რომ ნორმატივები ჩამებარებინა...
ყოველთვის სპორტული ვიყავი, ჩოგბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი. საკუთარ თავზე დამატებით მუშაობამ შემაძლებინა კაცებისთვის განკუთვნილი ნორმატივებიც ღირსეულად დამეძლია. ოცი წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ის, რაც დღეს არათუ სამსახური, არამედ, სიამოვნებაა. მალევე გამიჩნდა მიზანიც, რომ საერთაშორისო დონეზე მემსაჯა და უეფა-ს მსაჯთა გუნდის წევრი გავმხდარიყავი”.
სპორტული ჟურნალისტი თუ მსაჯი?
მზეკოს ემოციების მსგავსია ჩემიც. როგორც ჩანს ნებისმიერი მსაჯისთვის პირველი მატჩი ერთნაირად ემოციურია. გამონაკლისი არც მე ვიყავი. ოთხშაბათს დილით ელექტონული ფოსტით შემატყობინეს, რომ შაბათს 14-წლამდელ ვაჟთა პირველი ტურის შეხვედრა უნდა მემსაჯა. მიმაჩნდა რომ ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვიყავი. რომ არა ლუიჯი გალიანო, ჩვენი ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი, ალბათ უარსაც ვიტყოდი.
“პირველი თამაში გამოგიგზავნეთ და საჭიროა, რომ Accetto-ს (ვეთანხმები) ღილაკს დააჭირო”, – მომწერა ლუიჯიმ. როგორც სხვა დამწყებ მსაჯებს, ყოყმანი მეც მეტყობოდა. “დამკვირვებელი იქვე იქნება და დაგეხმარება”, – მითხრა და მეც პირველი შეხვედრის მსაჯობას თამამად დავთანმხდი.
“ატლეტიკო 2000-სა” და “სან ჩეზარიოს” შეხვედრა საღამოს 18:00 ჩამინიშნეს. ბევრი მიამიტური შეცდომა დავუშვი, თუმცა, როცა დასრულებისა ჩავსტვინე, სახეზე სიამოვნების ღიმილი მქონდა. როგორც ზემოთ მზეკომ აღნიშნა, მეც ვგრძნობდი და მსიამოვნებდა, თუ როგორი საინტერესო პროცესია, როდესაც მსაჯი ხარ.
“პირველი შეხვედრა, რომელიც ვიმსაჯე, მახსოვს თამაშის პროცესი, მაგრამ რას ვაკეთებდი და რატომ, ვერ ვიხსენებენ, – ამჯერად თავის გამოცდილებას მზეკო მიზიარებს, – ემოციებთან ერთად პირველ შეხვედრას დაბნეულობაც ახლავს, მაგრამ დამკვირვებელი გეხმარება და ეს გამხნევებს. რამდენიმე წლის წინ ქართულ ფეხბურთში მსაჯი ქალი იშვიათობას წარმოადგენდა.
ქომაგები და ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ მოედანზე რატომ ვიყავი და მითითებდნენ თუ სად უნდა დავმჯდარიყავი. როცა ვუხსნიდი, რომ მსაჯი ვარ, გაოცება ეტყობოდათ. მალევე მოყვარულთა ლიგაში გადავედი, სადაც ზრდასრულები თამაშობენ. ქალის დანახვისას ერთგვარი დამოკიდებულება ჩნდება.
ცოტა უკვირთ, ცოტაც იბნევიან, მაგრამ ცდილობენ სიახლეს ჯანსაღად შეხვდნენ. თავიდან იყო ისიც რომ სათამაშო ეპიზოდებს აპროტესტებდნენ. ხედავენ პატარა გოგოს და ჰგონიათ, რომ რადგან თავად კაცია, შენზე მეტი აუცილებლად იცის. ხშირად იყო წამოძახილებიც – “შენ როგორ უნდა იმსაჯო?”.
“დღეს უკვე სხვა სურათია, – და ვხედავ, საუბრისას მზეკოს სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა, – იგივე ფეხბურთელები თავად იყვნენ მოწმეები როგორ დავიწყე და როგორ ეტაპობრივად გავხდი საქმის პროფესიონალი”.
მას შემდეგ 6 წელი გავიდა. დღეს უკვე მზეკო პროფესიონალი მსაჯია. ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის ოთახში ზის და აბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით შეხვედრის ბედის განსჯა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში მზეკო მეოთხე მსაჯია, ქვედა ლიგებში – მთავარი მსაჯის როლსაც ღირსეულად ირგებს. ორი წლის ეროვნულ ლიგაშიც იმსაჯა. იმ შეხვედრაში ხათუნა მაისურაძე მთავარ მსაჯად, ხოლო მზეკო მეოთხე მსაჯად იყო დანიშნული.
მსაჯი, როგორც ავტორიტეტი
სრულიად სხვა ემოციაა, როდესაც მოედანს და სათამაშო ეპიზოდებს ტრიბუნიდან უყურებ. გაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ კონკრეტული ეპიზოდი ტელეფონში გამეორებაზე გადაამოწმო და ამის მიხედვით დაასკვნა მსაჯმა სწორად ჩასტვინა თუ არა. დღევანდელი ფეხბურთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია და მსაჯებს გაცილებით დიდი რესურსი აქვთ, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან.
“პირველი სამი წელი გვერდითი მსაჯი ვიყავი, – მზეკო თხრობას აგრძელებს. შემდეგ მთავარი მსაჯის ნორმატივების ჩაბარება ვისურვე და პოზიცია შევიცვალე. გვერდითი მსაჯობის გამოცდილება კი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებაში ძალიან გამომადგა.
როცა მთავარი მსაჯი ხარ, აუცილებელია პოზიციის სწორად შერჩევა, რომ მომენტი სწორად დაინახო და შესაბამისად შეაფასო. უნდა შეგეძლოს თამაშის წაკითხვაც. დაახლოებით უნდა ხვდებოდე იმ კონკრეტულ ეპიზოდს, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს. არანაკლებ მნიშვენლოვანია თამაშის მართვა. თუ თამაში “გაგექცა” და გუნდებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება ვერ შეძელი, თამაშის კონტროლსაც კარგავ”.
რთულია, არ დაეთანხმო მზეკოს სიტყვებს. პირადი გამოცდილებაც მაქვს, თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი კონკრეტული სათამაშო ეპიზოდი ზედმეტი ემოციების გამოხატვით გაეპროტესტებინა.
არადა, რიგით მეორე შეხვედრას ვატარებდი, გამოცდილება მსგავსი ეპიზოდის მართვის კი არ მქონდა. როგორც კი სათამაშო ეპიზოდი შეწყდა, მწვრთნელი ყვითელი ბარათით დავსაჯე, რომ ემოცია მოეთოკა. ამან უფრო გაახელა. მალევე ფეხბურთელებსაც დაძაბულად გადამდები თამაში შევატყვე და ამ შეხვედრის მართვა რთული გახდებოდა, თუ მწვრთნელს მოედნიდან არ გავაძევებდი.
გადაწყვეტილება დამკვირვებელმა დადებითად შემიფასა. როგორც მან აღნიშნა, კრიტიკულ დროს ხასიათი გამოვავლინე და შეხვედრის კონტროლი არ დავკარგე. ხასიათი ვახსენე და, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ფეხბურთელებმა მსაჯში პროფესიონალთან ერთად ავტორიტეტი დაინახონ.
DOGSO & SPA
Denying an obvous goal scoring opportunity (აშკარა საგოლე შესაძლებლობის მოსპობა) და Stop a promising attack (პერსპექტიული შეტევის შეჩერება) – აკრონომია ორი სხვადასხვა სტილის დარღვევის, რომელთა სწორად წაკითხვა და შეფასება მსაჯის პროფესიონალიზმზე მიანიშნებს.
“თუ სათამაშო ეპიზოდები სწორად არ იქნა შეფასებული, ფეხბურთი არ იქნება ისეთი კარგი, როგორსაც ქომაგები მოელიან, – მზეკო თავის შეხედულებას მიზიარებს და მეც ვეთანხმები, – ფეხბურთის წესებმა დავიწყება იცის. ამიტომ, განსაკუთრებით ხშირად მე-12 წესს ვიმეორებ. გამოცდილება და პროფესიონალიზმი კი საკუთარი დაშვებული შეცდომებიდან ყალიბდება და გეხმარება რომ გაიზარდო.
რაც ერთხელ შეგეშალა, აღარ გაიმეორებ. ახლახან ვიმსაჯე მატჩი, რომელშიც 5 წითელი და 13 ყვითელი ბარათი გამოვიყენე. ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში 3 პენალტი დავნიშნე. სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ რთული თამაში იყო”.
სამწამიანი მონაკვეთი
“გონიერია ის, ვინც ფიქრობს. მსაჯი გონიერი ვერ იქნება. ის იმპულსური უნდა იყოს, რადგან მან გადაწყვეტილება სამი წამის მონაკვეთში უნდა მიიღოს”…
პიერ ლუიჯი კოლინა
“მივხვდი, თუ როგორი რთული ყოფილა 3 წამის მონაკვეთში ჩასტვინო, მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებს გააცნო, – მზეკო ამ სირთულეს, როგორც გამოწვევას, ისე აფასებს, – წამებში ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, მეც კი მიკვირს, როგორ შემიძლია.
ხშირად საჭიროა დაუწერელი, მაგრამ მსაჯებისთვის კარგად ცნობილი მე-18 წესის გამოყენებაც. რაც მსაჯისგან ინდივიდუალურ მიდგომას და სათამაშო ეპიზოდების მართვას გულისხმობს. მოზარდების მსაჯობა ყველაზე რთულია, რადგან მშობლები განსაკუთრებით ემოციურები არიან.
ერთ დღესაც ბავშვის დედა სათამაშო ეპიზოდს ზედმეტად აპროტესტებდა, იმდენად დამღალა, რომ როგორც კი ბურთი აუტზე გადავიდა, მივუტრიალდი და ვუთხარი – ქალბატონო, სასტვენი აგერ არის, მობრძანდით და თქვენ იმსაჯეთ-მეთქი. დღეს მსგავსი პროტესტი ჩემზე საერთოდ აღარ მოქმედებს. რადიკალურად იცვლება მატჩისადმი მსაჯის მიდგომა, როდესაც პროფესიონალ ფეხბურთელთა შეხვედრას მსაჯობს”.
საერთაშორის დონის არბიტრი
“როცა გავიგე, რომ უეფა-ს ჩემი კანდიდატურა გადაეგზავნა, ძალიან გამიხარდა, – მზეკო ამჯერად მიღწეული მიზნებისგან გამოწვეულ ემოციებს მიზიარებს, – ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ სათამაშო წესების გამოცდაც წარმატებით დავძლიე. საქართველოში ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი გიორგი ანთენიძეა, რომელმაც ჩემს ფიზიკურად განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი დამსახურებაა, რომ საერთაშორისო დონეზე ფიზმომზადების ტესტიც წარმატებით დავძლიე”.
მზეკოს მოლოდინი მალე ახდენილ ოცნებად იქცა. სასიხარულოა ისიც, რომ 2024 წელი ქართველი მსაჯებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ევროპელ მსაჯთა ოჯახში პირველი ისტორიული შეხვედრები როგორც ქალთა ასევე ვაჟთა მხრიდან, გვაძლევს იმედს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
“ქართველ ქალ მსაჯებს უეფა-ს ეგიდით არასოდეს ჰქონდათ ნამსაჯი“, – მზეკო ამჯერად სასიხარულო სიახლეებს გამარჯვებულის იერით მიზიარებს, – მთავარი მსაჯი ქალი უეფა-ში დღემდე არ გვყავდა. პირველი შეხვედრა კი, რომელზეც დამნიშნეს, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო ყაზახეთასა და სომხეთს შორის იყო.
2024 წლის 4 ივნისს ისტორია დავწერეთ და ქართველ ქალ მსაჯთა გუნდმა საერთაშორისო დონის შეხვედრა ვიმსაჯეთ. მთავარი მსაჯი მე ვიყავი, გვერდითები – სოფო წულაია და ელენე ელოშვილი ხოლო მეოთხე მსაჯი თეონა სტურუა. წარმატებული დებიუტის შემდეგ მალევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მეოთხე მსაჯად ჩავერთე.
მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი, ხოლო მოედანზე მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იყვნენ. სასიხარულოა, რომ ქართველ კაც მსაჯებსაც წელს ბევრი წარმატება აქვთ. ქართული სამსაჯო ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გრაცის “შტურმსა” და ლისაბონის “სპორტინგს” შორის გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა”.
მომავალი ქალებისაა!
“მეგონა რომ საზღვრებს გარეთ საკომუნიკაციო ენის გამონახვა გამიჭირდებოდა, ჩემდა გასაკვირად გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, – ჩვენი საუბრის დასასრულს მზეკომ სამომავლო გეგმებიც გამიზიარა, – ევროპულმა გუნდებმა იციან, რომ მსაჯები საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოვადგენთ და მათ თვალში კვალიფიციური კადრები ვართ.
მიმაჩნია, რომ საქართველოშიც დავიმკვიდრე სახელი. ქალთა ფეხბურთის შეხვედრის წარმატებით მსაჯობის შემდეგ განიხილება, რომ საერთაშორისო დონეზე კაცთა ფეხბურთის მსაჯობაც გვანდონ. ჩემი შემდეგი მიზანი და მოტივაციაც სწორედ ეს არის”.
ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ლელოს“ ციფრულ გამოცემაში, lelo.ge-ზე (2024 წლის 11 დეკემბერს).
