საქართველო პლეი-ოფშია: ფარერის კუნძულების ხაფანგი და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსები
ნიონში უეფამ 2026/27 წლების ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები უკვე გვამცნო. ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფში B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ჯვაროსნები“ ორმატჩიან დაპირისპირებაში ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო B დივიზიონში ასპარეზობს და წილისყრაზე განთესილი გუნდია, გადამწყვეტ, საპასუხო შეხვედრას ქართველები საკუთარ მოედანზე, თბილისში ჩაატარებენ.
პირველი მატჩი სტუმრად, ფარერის კუნძულებზე 2027 წლის 25 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში 28 მარტს არის ჩანიშნული. ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული 2028/29 წლების განახლებულ ერთა ლიგაზე ასპარეზობას B დივიზიონში გააგრძელებს, დამარცხებული კი C ლიგაში დაქვეითდება.
ლოგიკურია, ქართველებს ფარერების ნაკრების წინააღმდეგ თამაშის პერსპექტივამ იმედის ნაპერწკალიც გაუჩინა. მით უმეტეს, რომ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ქართველების სასარგებლოდ მეტყველებს.
საქართველოსა და ფარერის კუნძულებს შორის გამართული სამივე მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა — 3 მოგება, 0 ფრე და 0 მარცხი (ბურთების შეფარდება 10:1):
- 16 აგვისტო, 2006 (ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპი): ფარერის კუნძულები – საქართველო 0:6 (საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოპოვებული გასვლითი გამარჯვება).
- 28 მარტი, 2007 (ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპი): საქართველო – ფარერის კუნძულები 3:1 (ალექსანდრე იაშვილის დუბლი და დავით სირაძის გოლი).
- 5 ივნისი, 2025 (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი): საქართველო – ფარერის კუნძულები 1:0 (ლუკა ლოჩოშვილის გამარჯვების გოლი მე-9 წუთზე). ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ ბრწყინავდა და ალბათ რამაზ სვანაძისთვის ეს ბოლო შეხვედრა სამაგიდო ანალიტიკისთვის აუცილებლად საინტერესოც უნდა იყოს.
დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, C დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ფარერის კუნძულები ფიზიკურად ძლიერი და ორგანიზებული მეტოქეა, რაც ჩრდილოეთ ატლანტიკაში გასამართ პირველ შეხვედრას განსაკუთრებით საყურადღებოს ხდის. ფარერების 53 წლის სპეციალისტი ეიდუნ კლაკშტეინისთვის კი ეს შეხვედრები არის შანსი, რომ თავისი გუნდის პოტენციალი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს.
რამაზ სვანაძისთვის, რომელმაც 2026 წლის 26 სექტემბერს ფრანგი ვილი სანიოლი შეცვალა და კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა, 2027 წლის მარტის პლეი-ოფი ფარერის კუნძულების წინააღმდეგ პირველი გადამწყვეტი გამოცდაა, სადაც მთავარი რისკი მოსალოდნელი ფავორიტის სტატუსის სიმძიმე, C დივიზიონში დაქვეითების სპორტულ-რეიტინგული ფასი და ჩრდილოატლანტიკური კლიმატური ფაქტორია. თუმცა, რამაზს ახალგაზრდულ ნაკრებში პლეი-ოფის მომზადება და ამ ორმატჩიანი დუელის მთელი ფსიქოლოგიურ-ფიზიკური წნეხი უკვე გამოცდილიც აქვს და წარმატებით დაძლეულიც.
საინტერესოა ისიც, რომ ვილი სანიოლის 5-მცველიანი კონტრშეტევითი მოდელის შემდეგ, სვანაძე უპირატესობას ბურთის კონტროლსა და მაღალ პრესინგს (4-3-3) ანიჭებს.
ფარერების ნაკრები დაცვაში ძალიან მჭიდროდ და ორგანიზებულად თამაშობს. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, მათ C ლიგის ჯგუფში 6 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულეს. პოზიციურ შეტევაში ბურთის ნელი გათამაშება საქართველოსთვის ყოველთვის რთული ამოცანა იყო — 2025 წლის ივნისის ამხანაგურშიც კი (1:0) გუნდს მეტოქის დაცვის გასარღვევად მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობა დაეხმარა.
და არის კიდევ ერთი სირთულეც: 25 მარტს ფარერის კუნძულებზე ძლიერი ოკეანური ქარი, სიცივე და ხელოვნური (სპეციფიკური) საფარი ტექნიკური ფეხბურთელების უპირატესობას ანეიტრალებს.
და კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი ისაა, რომ ფარერები სახიფათოა საჯარიმო და კუთხურების დროს, სადაც ქართველებმა თუ ეს კომპონენტი კარგად არ დაამუშავეს, ფიზიკური ორთაბრძოლების წაგებამ შეიძლება საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო ეპიზოდები შექმნას.
საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. ეს პლეი-ოფი კი მათთვის არის შანსი, რომ B დივიზიონში დარჩენა შეძლონ. თუმცა, ამას მხოლოდ სწორი ტაქტიკით, გააზრებული თამაშითა და გუნდური კომბინაციებით შეძლებენ.
2026/27 წლების ერთა ლიგის პლეი-ოფისა და მეოთხედფინალების სრული ბადე:
- B/C დივიზიონების პლეი-ოფი (25–30 მარტი): ფარერის კუნძულები – საქართველო, კვიპროსი – ჩრდ. მაკედონია, ბელარუსი – ისრაელი, ესტონეთი – რუმინეთი.
- A/B დივიზიონების პლეი-ოფი (25–30 მარტი): უნგრეთი – სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა – დანია, ირლანდია – ხორვატია, სლოვენია – უელსი.
- A დივიზიონის მეოთხედფინალები (25–30 მარტი): ესპანეთი – საფრანგეთი, ბელგია – გერმანია, ნორვეგია – ინგლისი, ნიდერლანდები – პორტუგალია.
2028/29 წლების სეზონიდან ერთა ლიგა სამ დივიზიონამდე მცირდება და D ლიგა უქმდება, რის გამოც C/D პლეი-ოფი აღარ იმართება.
