…ეს იყო დღე, რომელმაც გიორგი მამარდაშვილი ვერ გატეხა!..
ევროპა სტერეოტიპების მსხვერპლია. ჩვენი საფეხბურთო ისტორია კი საბჭოთა კავშირმა მიითვისა და შთანთქა. შესაბამისად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ მოხერხდა, რომ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახში ჩვენი ნიშა დაგვემკვიდრებინა.
თუკი რატომ, ამისთვის საკმარისია ქვეყნის უახლოეს ისტორიას გადავხედოთ. ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების გასვლა ამ სტერეოტიპების ფონზე თითქმის ჯადოქრობის ტოლფასია.
განა იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია და ქართველ ფეხბურთელებს პოტენციალი არ აქვთ. არა, საფეხბურთო ბაზარზე საქართველო ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჩვენც მათი დიდი ოჯახის ღირსეული წევრები ვართ…
კარები მემკვიდრეობით
ერთი წლის წინ მსოფლიოს წამყვანი 5 საუკეთესო ჩემპიონატიდან ერთ-ერთში ახალგაზრდა ქართველი პერსპექტიული მეკარის საქართველოს ეროვნული ლიგიდან ესპანურ ლა ლიგაში გადასვლა დაუჯერებელ ამბავს ჰგავდა.
1,99 მ სიმაღლის, პირქუში გამოხედვით და მებრძოლის მზერით – თითქოს გეუბნება, არც კი გაბედო ჩემს კარს მოუახლოვდე – 22 წლის გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ “მესტალიაზე”, “ვალენსიას” მეკარედ მოგვევლინა. იქამდე კი გზა გრძელი და დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდა…
ხოლო მანამდე, იყო პირველი ნაბიჯები “გაგრაში”, შემდეგ – თბილისის “დინამოს” აკადემია და “დინამოს” მთავარი გუნდი, სადაც დებიუტი ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, გიორგი სულაც არ ნებდება. 2019 წელს ის “რუსთავის” კარში დგება და ღირსეულადაც იცავს მას. 2020 წლიდან კი უკვე თბილისის “ლოკომოტივში” ამტკიცებს, რომ მისი გზა გაცილებით დიდია.
“მამა მეკარე იყო, – იხსენებს გიორგი, – ბავშვობიდან ამ პოზიციაზე თამაში მეც მომწონდა. თავიდან, “გაგრას” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. ჩემი საფეხბურთო კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. შემდეგ კი “დინამოში” წავედი და იქ 7 წელი ვიყავი. საქართველოს ჩემპიონატში ჩემი დებიუტი “რუსთავში” ყოფნისას შედგა. მომდევნო გაჩერება კი “ლოკომოტივი” იყო…
დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია რომ ამ პერიოდში ტექნიკურ თუ პიროვნულ ასპექტში ზრდა და განვითარება შევძელი”.
ღამურების მეკარე
“მოტივაციაც არ მაკლდა, – მიხსნის გიორგი, – ევროპაში წასვლა უნდა მეცადა. რთული პერიოდი იყო, დანამდვილებით არ ვიცოდი, ეს შემოთავაზება გამოვიდოდა თუ არა. როცა გადაწყდა, ძალიან გამიხარდა. მოტივაციაც მაღალი მქონდა, რომ “ვალენსიაში” თავი კარგად წარმომეჩინა”.
და აი, ნანატრი დღეც – გიორგი მამარდაშვილის საფეხბურთო აგენტი ლევან სეთურიძე “ღამურებთან” მოლაპარაკებებს ასრულებს. დუბლებში თამაშის პერსპექტივა და მეოთხე მეკარის სტატუსი სულაც არ იყო ის, რაზეც გიორგი ოცნებობდა, თუმცა იღბალს მიენდო და ესპანეთში ჩავიდა.
იქ ის გუნდთან ერთად საზაფხულო შეკრებასაც გაივლის და… “ვალენსიას” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მის მთავარ გუნდში გადაყვანას გადაწყვეტს.
და კიდევ ერთი შანსი – 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგაში მის სადებიუტო მატჩში, “ვალენსია” “ხეტაფეს” 1:0-ს უგებს. გიორგი ამ შეხვერაში საოცრად დამაჯერებელია.
“ლა ლიგაში დებიუტი გასახსენებლად, ერთი მხრივ, სიამოვნების მომგვრელია, – მეუბნება გიორგი, – მით უმეტეს როცა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ამას ახერხებ. გამომდინარე იქიდანაც, რომ პოზიციით მეკარე ვარ – ეს კიდევ უფრო რთული ხდება და პასუხისმგებლობა მეტია.
ჯენარო გატუზო, როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება, ძალიან კარგია. მასთან მუშაობა სასიამოვნო პროცესია. ყველაზე უხერხული თავდასხმელი? მიმაჩნია, რომ რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ ბენზემა… გასული წლიდან კი პიერ-ემერიკ ობამეიანგს გავიხსენებდი”.
ორი თაობა
საქართველოს ყველა ასაკობრივი გუნდის გამოვლას, 2020 წელს ეროვნული ლიგაში საუკეთესო მეკარედ დასახელებაც მოჰყვა. 2021 წლის 8 სექტემბერს კი ეროვნული ნაკრების კარში დებიუტი სულაც არ აღმოჩნდა წარმატებული.
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მარცხი (1:4) მის ფსიქოლოგიურად გატეხვას ვერ ახერხებს. ქართველ ქომაგს კი ამასობაში საფიქრალი გაუჩნდა – კარში ვინ უნდა იდგეს: ლორია თუ მამარდაშვილი?
“ალბათ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს. შესაბამისად, განაცხადში მოხვედრა სასიამოვნოა. ჩემთვის მოტივაციის მომცემია ის ფაქტი, რომ ნაკრების კარში ვდგები. ჩემი აზრით სასიხარულოა, როცა ნაკრებში მეკარის პოზიციაზე ასეთი დონის კონკურენციაა.
ორივე ბევრს ვშრომობთ და ვვარჯიშობთ. ისიც ფაქტია, რომ გიორგი ლორია გამოცდილია, ნაკრებში წლებია თამაშობს და, რა თქმა უნდა, მეც მეხმარება და თავის გამოცდილებას მიზიარებს”.
ეს არის პიკასოს ბიჭი?!
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩვენ ამჯერადაც კარს მირმა აღმოვჩნდით. წლებია, ვდავობთ, განვიხილავთ თუ სად არის პრობლემა, რატომ ვერ ვახერხებთ რომ დიდ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ. საქართველოში ახალ თაობაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
შეძლებს კი ეს თაობა მოჯადოებული წრის გარღვევას, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წარმატებით დაძლევას და გერმანია 2024-ზე მოხვედრას? ან თუნდაც ერთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვებას?
“ბევრი ფაქტორი არსებობს თუ რატომ ვერ ვხვდებით დიდ ტურნირებზე. ალბათ, ცოტა არ გვიმართლებს, ცოტასაც ჩვენც ვაკლებთ… იმედი მაქვს, მოვახერხებთ და ჩვენი თაობა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გააღწევს და გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს”, – ამბობს გიორგი.
ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ლელოს“ ციფრულ გამოცემაში, lelo.ge-ზე (2022 წლის 1 ივნისს).
